შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

შსს-ის ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები -1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. შ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ბ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით გათავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ” ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

რაც შეეხება ა.შ.-ს, პოლიციამ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” ამოიღო.

სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ა.შ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 16 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”.

პოლიციამ, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” ამოიღო.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 19-260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-7 ნაწილებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *