- „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მოშიმშილეებს მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.
მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.
ამასთან, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რაც მისი თქმით, დაუშვებელია.
„თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.