- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“პირველი ოქტომბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 2021 წლის 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს. გადაყვანა განხორციელდა სახალხო დამცველის, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების არაერთგზის მოწოდების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკას, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო გადაყვანა განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის ფორმა არ არსებობს. უფრო მეტიც, პატიმრების მხრიდან სააკაშვილისა და მისი ვიზიტორების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მიზნად ისახავს მასზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ომბუდსმენის განცხადებით, გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს არის ღირსების შემლახველი.
ღირსების შელახვის, ციხის ადმინისტრაციისა და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობის მიზეზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა ამ დაწესებულებაში ყოველგვარ მკურნალობაზე. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გარეშე პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა შეუძლებელია და მოითხოვა „დაუყოვნებლივ გადაყვანა ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“, სადაც მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. იდენტური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.
ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.