- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერეს 3 428 000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522 915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიის საბიუჯეტო ვალდებულებების და იმპორტირებული პროდუქციის გადასახადების დასაფარად“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.