თიკა ჯალაღონია-“თავისუფალ უნივერსიტეტში” ასპროცენტიანი გრანტით

  • კირცხის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თიკა ჯალაღონიას არჩევანი თავისუფალი უნივერსიტეტი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტია. ამბობს, რომ ასპროცენტიანი გრანტი მისთვის მოულოდნელი არ იყო.

-მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი კულტურებისა და ტრადიციების გაცნობა, ვსწავლობ უცხო ენებს. თავისუფალ დროს მხატრული ლიტერატურის კითხვა და მუსიკის მოსმენა მიყვარს ყველაზე მეტად.

-ცხოვრების ახალ ეტაპს 100%-იანი გრანტით იწყებ…

-დიახ. ჯერ კიდევ არ მჯერა ბოლომდე. ამაღელვებელი გრძნობაა. მიზნის მიღწევით გამოწვეული სიამოვნება. სამ საგანში ვემზადებოდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვღელავდი საბოლოო შედეგზე. ქულებიდან გამომდინარე, ველოდი გრანტს და პასუხების ნახვის შემდეგ, კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი უფრო, ვიდრე გაკვირვებული.

რატომ საერთაშორისო ურთიერთობები?

-ბოლო პერიოდში დავინტერესდი დიპლომატიითა და საერთაშორისო პოლიტიკით, ამასთანავე, ვთვლი, რომ მრავლისმომცველი და, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ავირჩიე ის პროგრამა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობდა ჩემს ინტერესებს.

-ამბობენ, საგამოცდო ტესტები რთული იყოო…

-შარშანდელთან შედარებით, ოდნავ რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ არც იმდენად რთული იყო, რომ თავის გართმევა გასჭირვებოდა აბიტურიენტს.

თიკა, როგორც ვიცი, სხვადასხვა პროექტში ღებულობდი მონაწილეობას…

-დიახ, პანდემიის დაწყებამდე აქტიურად ვერთვებოდი სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში. 2019 წელს საერთაშორისო ბანაკში ვიყავი მოლდოვაში, კიშინიოვში. მინდა გითხრათ, რომ პროექტებში მონაწილეობამ უპირველეს ყოვლისა, მომცა ინფორმაცია და ისეთი გამოცდილება, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებ. სრულიად უცხო ადამიანებთან თანამშრომლობამ, განსხვავებული ეროვნების, კულტურის და შეხედულებების მქონე საზოგადოებასთან ურთიერთობამ დიდად შეუწყო ხელი ჩემს პიროვნულ განვითარებას.

გრანტამდე შენც ცხოვრებაში ოქროს მედალი იყო…

-დიახ. კლასში ორი ოქროს მედალოსანი და ერთი ვერცხლისმედალოსანი ვართ.

ენებს თუ ფლობ?

-ინგლისურს კარგად ვფლობ. მომავალში ვაპირებ, სხვა ენების შესწავლას.

-ვინ არის შენი გულშემატკივარი?

-მთელი ბავშვობა ჩემი უმთავრესი გულშემატკივარი ბაბუაჩემი ბოჩია ჯალაღონია იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაზე დიდ მხარდაჭერას ჩემი მშობლებისგან ვგრძნობ. ბაბუა ჩემი წარმატებით დღეს იამაყებდა.

როგორ ფიქრობ, წარმატების მოსაღწევად რა არის საჭირო?

-პირველ რიგში, შრომა, მონდომება და საკუთარი თავის რწმენა.

-როგორია შენი გეგმები კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით?

-სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბაკალავრიატით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ

“ჩხოროწყუელები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *