- 27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს.
ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე airastana.com უკვე შესაძლებელია.
გარდა ამისა, ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე,
კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.
ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.
Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს ხუთი ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.
2024 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 3,9%-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.