- დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება. უამინდობის გამო შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც, მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ს, ბათუმის ნაცვლად, რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეესრულებინა. თუმცა ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.