კახა ოქრიაშვილი – ახალი არჩევნები გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“, მით უფრო ადვილად დავძლევთ ქვეყანაში დღითიდღე გაღრმავებად კრიზისს!

  • ახალი არჩევნები გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“, მით უფრო ადვილად დავძლევთ ქვეყანაში დღითიდღე გაღრმავებად კრიზისს! – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, ქართველები დიდი იმპერიების სამეზობლოში და გარემოცვაში ვცხოვრობდით, საქართველო კი ხშირად იყო ამ იმპერიების დაპირისპირების ადგილიც და მიზეზიც. ამიტომ არამარტო ქართველებს, ბევრს უკვირს, როგორ გადავრჩით, როგორ ვკარგავდით და ვიბრუნებდით და საბოლოო ჯამში, ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას.ა

რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა? პირველ რიგში იმას, რომ ქვეყანას მართავს ქართველი მეფე და არა დანიშნული გუბერნატორი, დღეს უკვე იმას, რომ ხელისუფლებას ირჩევს თავისუფალი ქართველი ხალხი და მმართველი არ ინიშნება გარედან.

უწყვეტი პროტესტის ამ ოცმა დღემ კითხვა, თუ როგორ გადავრჩით და როგორ ვინარჩუნებდით თავისუფლებას, აღარ დამიტოვა – ყველაფერი გასაგებია! მეამაყება, რომ ბრძოლისუნარიანი ერი ვართ. საუკუნეებია, გარე თუ შიდა მმართველები ცდილობენ, ეს ბრძოლისუნარიანობა წაგვართვან, გაგვხადონ მორჩილი, უპრეტენზიო, გვაქციონ დაკნინებულ ხალხად, რომელსაც თავისუფლება არაფრად უღირს.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხელი აიღოს ქართველი ხალხის დაკნინების მცდელობებზე, რაც ხელისუფლების შენარჩუნების დაუძლეველი სურვილითაა გამოწვეული. აქვე ვეტყვი „ოცნების“ წარმომადგენლებს, – კაცი რომ კაცია და ქალი ქალი, ამას ქართველს ვერავინ ასწავლის, ისევე, როგორც ოჯახურ ღირებულებებს. ეს საკითხი საქართველოში აქტუალური არ არის და შეეშვით ამით სპეკულირებას! უღირსობას, მონობას სქესი არ აქვს, მონა მონაა, ის არც კაცია და არც ქალი და სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ მონები მრავლად არიან. ბატონი ივანიშვილიც და მისი გარემოცვაც ისე არიან შეპყრობილნი ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით, თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ ლახავენ ჩვენი ერის ღირსების საზღვრებს. ან თავად მათ, როგორც ქართველებს, რა ღირსება უნდა შერჩეთ, რად უნდათ დაკნინებადი ერის მმართველი და წარმომადგენლები იყვნენ?

გამოსავალი ერთია – ახალი, მოსყიდვისა და ძალადობის გარეშე, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, რომლის შემდეგაც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს. ეს გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“ ახალ არჩევნებს, მით უფრო ადვილად დავძლევთ ქვეყანაში დღითიდღე გაღრმავებად კრიზისს!”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *