- ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას სახელწოდებით: “საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ” მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა – ისინი გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას.
დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ერთობლივად წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა. ევროკომისია, რომლის განახლებული შემადგენლობაც დღეს დამტკიცდა, მხოლოდ ამ ჯგუფების წარმომადგენლებისგან შედგება.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.
რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი ახსენებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, დაშინებას, მოსყიდვას, დამკვირვებელთა შევიწროებას, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების კონფისკაციას, მათ დამცირებას როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ასევე მათ გარეთ.
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, – ვკითხულობთ ტექსტში.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.
ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ ტექსტში ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ“.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ევროკავშირის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს. სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამას არ ემხრობა მინიმუმ ოთხი სახელმწიფო: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი.
ივანიშვილთან ერთად, რეზოლუციის ახალი პროექტი „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში გაგზავნის ტექნიკურ მისიას.
მისი თქმით, ეს იქნება „პოლიტიკური მისია, რომელიც გულმოდგინედ გამოიკვლევს, თუ რა მოხდა“.
„საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია [დემოკრატიის] უკუსვლის გამო. ადგილზე სიტუაცია საჭიროებს შემოწმებას, გაანალიზებას და სწორედ ამას ემსახურება ტექნიკური მისია“, – განაცხადა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ბრიუსელში მიიწვევს და გამოჰკითხავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
- „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
წყარო: რადიოთავისუფლება