- ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 200-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ, 16-სართულიან კორპუსში, 800 ბინას აერთიანებს.
დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიულოცეს.
მათ ახალაშენებული ბინები დაათვალიერეს და საცხოვრებელ პირობებს, ადგილზე, გაეცვნენ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახების განსახლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ამ მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად, მიმდინარეობს.
შერვაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა მიმდინარეობს – პროექტის ფარგლებში, მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მინისტრებთან ერთად, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად ზურაბ უტიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და სხვა სტუმრები.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს