- პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, ამნისტიის მიღებას აქვს ერთი კონკრეტული და მკაფიო მიზანი, პატიმართა რაოდენობის დაახლოება ევროპულ სტანდარტთან.
ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
მომხსენებლის განცხადებით, პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მეორე და მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილება.