- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში კრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.
„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, „რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა“.
„პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.
ევროკავშირის ელჩის განცხცადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.