- პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა მოქალაქემ მომართა, სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
“გარდა ამისა, სამსახურმა შეაფასა სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი მომართვების შინაარსიდან გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციები. აღნიშნულის საფუძველზე, განცხადებებში მითითებულ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების პარალელურად, სამსახურმა დაიწყო მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემების დამმუშავებელი სხვადასხვა პროფილის (საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის სფერო) ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესების შესწავლა.
აღსანიშნავია რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება.”