- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაერო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს მშვიდ ვითარებაში ჩატარდა ორი დახურული ღონისძიება.
8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.
ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.