- ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, – წერს გიორგი გახარია.
ინფორმაციისთვის: “ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან”.
პრიგოჟინის თქმით, „ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“.