სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები სახელმწიფო ელექტროსისტემაში

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოააშკარავა სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იკავებს და რომელშიც, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევების გაანალიზებით ნათელია, რომ ზარდიაშვილი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან.

„სამწუხაროდ, ნეპოტიზმი რჩება შემაშფოთებელ პრაქტიკად, რომელიც ძირს უთხრის მერიტოკრატიას, სამართლიანობასა და საზოგადოების ნდობას საჯარო უწყებების მიმართ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე, ხოლო 2016-2019 წლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2019 წლებში ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში მან დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენდა.

ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებში, როგორც ელექტროსისტემების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, ორი დეპარტამენტია, კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტი. ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული: 1. თამთა თაბუკაშვილი, ვანო ზარდიაშვილის რძალი – თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია. 2. გიორგი კიკნაძე, ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი – გიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. 3. გიორგი კვარაია, ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი – გიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. 4. სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი, გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაცო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი; სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია. 5.ნიკა მიქაუტაძე, გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი. გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია. 6. გელა ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა; როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, იგი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული“,- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის შედეგები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *