- შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირი – 1990 წელს დაბადებული გ.შ., 1994 წელს დაბადებული ბ.ტ და 1996 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე ა.ტ.-ს კუთვნილ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.