- ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება. განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ ოფისი გაიხსნება, თანამშრომელთა სამუშაო და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.