- ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
უწყების ინფორმაცით, საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.
ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.