- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 30-მდე პროექტი დაფინანსდება.
ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 აპრილამდე გაგრძელდება.
განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge“,- აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.