300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

  • 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *