3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

  • 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 276 ათას ტონამდე კახეთის, 1630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 415 მლნ ლარს აღწევს და ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.

რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.

მევენახე ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს:

კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა. ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.

რაჭის რეგიონში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *