- პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მინდა, განმარტება გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით,1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ასევე გეტყვით, რომ აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.