- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში ექვსი პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
„გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზ.ო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო: „გეკოს“ სისტემის სამი გადაჭრილი თოფი, სამი სხვადასხვა მოდელის საფანტის პისტოლეტი, ერთი კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, სამი არარეგისტრირებული სანადირო თოფი, სხვადასხვა კალიბრის 28 საბრძოლო ვაზნა, „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა და სამი ფალია.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ორი მჭიდი და ათი საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია უკანონოდ კულტივირებული, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ცხრა საბრძოლო ვაზნა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს – 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ოთხი საბძოლო ვაზნა.
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ძ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 11 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 54 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაულები ოთხიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6 ნაწილებით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.