29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა და კანონის შესაბამისად დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. არჩევნებისთვის შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან იწყებენ მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და ამომრჩევლებს მიაწვდიან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების და სიაში თავის გადამოწმების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სიაში ცვლილების მოთხოვნა 11 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო ამომრჩეველს არაერთ სერვისს თავაზობს.
„ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილურის საშუალებით.
ამომრჩეველს შეუძლია ეწვიოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოს პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოს მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი, ან დაგვიკავშირდეთ ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც ხართ რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა 11 აპრილის ჩათვლით.
შეგახსენებთ რომ ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 29 აპრილს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები – არჩევნები საერთო საქმეა,“ – განაცხადა ნათია იოსელიანმა.