- 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებულ საქმიანობებს, პროცედურებსა და ღონისძიებებს ახორციელებს. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პერიოდულად იმართება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და შევახსენებთ, დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.
აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის წარმომადგენლებისთვის 24 აპრილია (18:00 სთ.). რეგისტრაციის მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას განაცხადის წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიაში 19 აპრილის (18:00 სთ.) ჩათვლით შეუძლია, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კი ცესკოს 22 აპრილის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ.
აკრედიტაცია/რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს – www.cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51.
დეტალები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
საკრებულოს 2023 წლის შუალედური არჩევნები
მუნიციპალიტეტების მერების 2023 წლის რიგგარეშე არჩევნები
საქართველოს პარლამენტის 2023 წლის შუალედური არჩევნები