- ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.
მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა. ლელა სურმანიძის თქმით, ამ სახლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე – დაშენება, სარემონტო სამუშაოები-ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, დაახლოებით 12 საათზე, 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.
ამ დროისთვის, მაშველები მუშაობენ, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ.