- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირის მიმართ დევნა დაიწყეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ მოახდინა მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.