- თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.
უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.
მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად.
გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.