- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 96 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 75 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 21 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 26 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 18, ქვემო ქართლში – 10, კახეთში – 9, შიდა ქართლში – 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთშიც – 4, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 1, გურიაშიც – 1.
“ჯამში ამოღებულია 126 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1739 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 89 უკანონო სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.