უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 80 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 40 სამართალდარღვევაა გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, 36 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 – შიდა ქართლში, 15 – გურიაში, 12 – კახეთში, 9 – აჭარაში, 7 – სამცხე-ჯავახეთში, 5 – ქვემო ქართლში, 2 ფაქტი კი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

“გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 59 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 5 შემთხვევაში ბრაკონიერებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს, 2 კი, გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტია.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, ამოღებულია 164 ერთეული ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *