- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მაია ომიაძე ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს.
მაია ომიაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, უხელმძღვანელოს ისეთ სტრატეგიულ უწყებას, როგორიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.
„საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა.
ამავდროულად, მოგეხსენებათ, საქართველო მომავალ წელს მსოფლიო მასშტაბის ორი უდიდესი ღონისძიების მასპინძელია – ეს არის ITB Berlin და ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, საქართველო მომავალ წლებშიც არაერთი მსხვილი და მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი გახდეს“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.