- თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ ტელეკომპანიასა და მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ტელეკომპანია „პირველს“ და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, ტელეკომპანიას დაევალა თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა. კერძოდ, დაცვის მხარის განცხადებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.
მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან პრეცედენტად აფასებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცედენტი. ჩვენ ვართ კმაყოფილი, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მეშვეობით ჟურნალისტმა, მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ, ყალბი ინფორმაცია, თქვა ტყუილი და ეს დადასტურდა სასამართლოს მეშვეობით. ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა ცნობის უარყოფა, კონკრეტულად 60 მილიონის მოპარვასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. დადასტურდა ჩვენი ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა და ეს იყო ცრუ ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ უფრო მეტი არ დაეკისრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უფრო მეტ კეთილ საქმეს მოხმარდებოდა ეს თანხა“, – განაცხადა კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.
მაია მამულაშვილის ადვოკატ მარი კაპანაძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
„დღევანდელი გადაწყეტილება არის იმ საშიში ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი წელია, როდესაც სასამართლოში მასობრივად შედის და კმაყოფილდება ხელისუფლების წარმომადგენლების სარჩელები ცილისწამებასთან დაკავშირებით. სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი და მან ფაქტობრივად უგულებელყო მოქმედი კანონმდებლობა, არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ახლავს თან და ისე დააკმაყოფილა სარჩელი. ეს პირდაპირი მესიჯია საზოგადოებისთვის, რომ ისინი გაჩუმდნენ, მათ არ უნდა ისაუბრონ ხელისუფლებაზე და არ უნდა გააკრიტიკონ ისინი. ეს გადაწყეტილება, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. ჩვენ მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე და დიდი ალბათობით, ევროსასამართლოშიც ვიხილავთ“, – განაცხადა მამულაშვილის ადვოკატმა.