- ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
“გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას”, – აცხადებენ სუს-ში.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში.
„უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.
მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.