სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

  • სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა: „გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ … აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ – რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *