- “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები X საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქოროღოს კოშკის – გადასარჩენად და, გელათის მსგავსად, ამ უნიკალურ ძეგლზეც აიღოს პასუხისმგებლობა-ამის შესახებ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” მიმართვას „ფეისბუქში“ ავრცელებს.
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საგანგაშოდ მიიჩნევს ამა წლის 17 ნოემბერს ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეფასება-რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე ბოლო დროს ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება.
ისტორია მეორდება, გელათის მსგავსად, ქოროღოს კოშკზე უხეში ჩარევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და ნადგურდება, ხოლო მსოფლიოში უნიკალური რელიეფური ფილა ნანგრევებს შორის, ღია ცის ქვეშაა მიტოვებული. გარდა ამისა, ჯერ ისევ დაუზუსტებელია, კოშკი დაინგრა თუ ამ ფორმით დაშალეს. სპეციალისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კოშკი დაშალეს, არსებული მდგომარეობით, ეს სამუშაოები ყველა წესის დარღვევით არის ჩატარებული.
️ქოროღოს ხუროთმოძღვრული კომპლექსი (ხადის ხეობა, დუშეთის მუნიციპალიტეტი), რომელშიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია (X-XI ს.ს.), ზურგიანი კოშკი და მცირე სამლოცველო, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია როგორც არქიტექტურით, ისე რელიფური ფილებით, რომელსაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში ანალოგი არ მოეპოვება. მათზე გამოსახულია მშენებლობის პროცესის ამსახველი კომპოზიციები, ქტიტორები და ეკლესიის გეგმა.
ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქოროღოს კოშკი ფაქტობრივად განადგურებული და დანგრეულია, ხოლო „ქოროღოს ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის გაუმართლებელი დანგრევის შემდეგ, არ იქნა მიღებული ზომები მასში ჩართული უნიკალური რელიეფების დასაცავად, რამაც გამოცალკევებულ რელიეფიან ქვებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. საპროექტო სამუშაოები არ ითვალისწინებდა ამ რელიეფების სამომავლო ბედის განსაზღვრას და არც მერე, სამუშაოების მიმდინარეობისას შემუშავებულა რაიმე გეგმა მათი დაცვის უზრუნველსაყოფად. ამჟამად ისინი ღია ცის ქვეშ აწყვია“.
ამდენად, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს უმცირესი შანსი ამ უნიკალური ძეგლის გადარჩენისა, მათ შორის, რელიეფური ფილების, რომლებიც, შესაძლოა, ყოველ წამს დაზიანდეს და განადგურდეს უყურადღებობის და არასათანადო პირობებში შენახვის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია აქტიური რეაგირება და ქმედება სათანადო ორგანოების მხრიდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და როლი ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს.
„საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ქოროღოს X საუკუნის ეკლესიის რელიეფური ფილის ფოტო ქტიტორებისა და ეკლესიის გეგმის გამოსახულებებით 2022 წლის აპრილში პროექტ „უცნობი ოსტატების კვალდაკვალ“ ფარგლებში გამოაქვეყნა, ფოტო 2010-2011 წლებშია გადაღებული. (იხილეთ – https://www.facebook.com/…/pb…/5071139889635097/…)
პროექტი ხაზს უსვამდა რელიეფური ფილის კულტურულ ღირებულებას.
ფოტოები აღებულია ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან“-ნათქვამია მიმართვაში.