- ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დახვდნენ.
მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.