სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინს შეხვდა

  • საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინთან ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო – აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე.

აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველო, ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.

პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *