- „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2021 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რომელთა მეხუთედიც ხარვეზიანი აღმოჩნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 50-მა ხარვეზებით შეავსო.
„მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესტიაში გამოვლინდა, სადაც დეკლარაცია ხარვეზებით 10-მა თანამდებობის პირმა შეავსო. ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი მარტვილშია, სადაც დეკლარაცია ხარვეზით მხოლოდ ერთმა
თანამდებობის პირმა შეავსო;
23 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი – ვახტან გადელია, აბაშის მერი – გიგა გაბელაია, წალენჯიხის მერი – გიორგი ხარჩილავა, ფოთის მერის
მოადგილე – ლექსო თოდუა, ხობის მერის პირველი მოადგილე – რევაზ ზაქარაია, წალენჯიხის მერის მოადგილე – ივანე ბურდული და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზეზვა მაკალათია.
გამოვლინდა 14 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია, მათ შორის არიან: სენაკის მერი – ვახტანგ გადელია, აბაშის მერი – გიგა გაბელაია, ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა და აბაშის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე – ზეზვა მაკალათია.
18 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის არიან სენაკის მერი – ვახტანგ გადელია და ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა;
თანამდებობის ხუთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ჩატარებულია საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოყენებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.