საბჭოთა საქართველოში ჰესების მშენებლობა მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე მეტად სოციალიზმის, უფრო ზუსტად კი, კომუნიზმის მშენებლობასთან ასოცირდებოდა. „კომუნიზმი – ეს არის საბჭოთა ხელისუფლება პლუს ელექტროფიკაცია“ – ლენინის ამ ცნობილ ფორმულაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰესების მშენებლებს აჯილდოებდნენ სტალინურ-ლენინური პრემიებით და მედლებით, აწინაურებდნენ სამსახურში, საკუთრივ ელექტროსადგურებს კი უძღვნიდნენ ლექსებს, პოემებს, მხატვრულ ტილოებსა და კანტატებს. ასე იყო ზაჰესის, რიონჰესის, ჟინვალჰესის, ენგურჰესის და სხვა ჰესების შემთხვევაში, ვიდრე ხუდონამდე. სწორედ ხუდონჰესი შეიძლება მივიჩნიოთ სამამულო “ჰესოფილიის” შემობრუნების წერტილად, ეროვნული “ჰესოფობიის” სათავედ და ეკოლოგიური აზროვნების პირველ გამოღვიძებად, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ეროვნულ მოძრაობასთან ერთად იშვა.