- პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც ე.წ. დირსის დასახლებაში სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს, მიგირავების პირობით კი, დაზარალებულებს თანხა მოტყუებით გამოართვეს.
„პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ. დირსის დასახლებაში სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას ჰპირდებოდნენ, ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული ბინები იპოთეკით უკვე ჰქონდათ დატვირთული, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.