- პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”-აღნიშნულია პროჯურატურის ინფორმაციაში.