- არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდნენ, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.
ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის „გ“, ,,ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს ბრალდება 143 სეკუნდა-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.