პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს, სადაც ის სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ აღნიშნა, თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია, რადგან ამ დოკუმენტებზე წვდომა, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული საიდუმლო აქტები გადმოცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე. ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია სულავამ.

მისივე თქმით, გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი გასამართლებული იყოს.

„ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია, ასევე ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთა დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. პრეზიდენტმა ბევრჯერ განმარტა, რომ ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ მიაღწევს შედეგად დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. და ბოლოს, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე უარი თქვა, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო“,-განაცხადა ნათია სულავამ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *