- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ვაზნები.
სამეგრელოს პოლიციამ 1978 წელს დაბადებული ზ.ს. მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ერთლულიანი შაშხანა, ერთლულიანი გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა კალიბრის 6 ვაზნა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს “პარაბელუმის” ტიპის პისტოლეტი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.ყ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული ზ.ი., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს, 1963 წელს დაბადებული გ.ჩ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნა, ასევე, მჭიდები.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ბერეტას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ, წარსულში ნასამართლევ, 1974 წელს დაბადებულ რ.დ.-საც. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.-ნათქვამია ინფორმაციაში.