- შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც განთავსებულია გამაფრთხილებელი ბანერები, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ საბრძოლო მასალა F-1 ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, F-1 ტიპის მსგავსი, ე.წ. სტრაიგ ბოლის სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.