- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა,
როგორც ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში დაიწყება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.
„როგორც იცით, სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები არ იმუშავებენ 4 ოქტომბრამდე. შემდეგ 4 ოქტომბერს რასაკვირველია, ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში. სკოლებთან დაკავშირებით მინდა, დავაკონკრეტო, რომ 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში, შესაბამისად აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
„ყველა უნივერსიტეტს დაწყების თავისი თარიღი გააჩნია და აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს. ყველა იწყებს, როგორც მათ აქვთ გაცხადებული, ოღონდ 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში და 4 ოქტომბერს ვნახავთ. ჩვენ დეტალურად გამოვიკვლევთ, რა არის იმ დროისთვის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში, ამაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრამდე უნივერსიტეტებს საშუალება აქვთ, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები დასწრების ფორმატით აწარმოონ იმ შემთხვევაში, თუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ორჯერადად აცრილები იქნებიან.
„ერთადერთი გამონაკლისი უნივერსიტეტებში ეს გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის, პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობა. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული მედიცინისთვისაც მთლიანად იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე. ხოლო რაც შეეხება მანამდე, უფლებამოსილება ეძლევათ უნივერსიტეტებს, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრების ფორმატით, ოღონდ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებიან, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ყველა ეს დეტალი, რასაკვირველია, გამოქვეყნდება როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე „ფეისბუქზე“ და შესაბამისი, კონკრეტული მითითებები უკვე დაურიგდებათ სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.