- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არა ჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი პატიმარია.
როგორც მან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს სურვილი, ახალგაზრდა პრეზიდენტის გლოვის.
„შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს, თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს, რომ ვიცით როგორი ტყვიასავით იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, ეს თქვენთვის ნაკლებ საინტერესო და საჭიროა. რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის რატომ შიმშილობს. მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე ლაპარაკს არ აქვს მნიშვნელობა, მიზეზთა გამო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებაზე თანხმობას.
ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი. მაგრამ ის საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენი საზოგადოება უკვე მერამდენედაა დაპირისპირებული და პოლარიზებული. ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. თუ რაღაცაში მაინც ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, საუბარი უკვე შეიძლება დანარჩენზე. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით, შევძლებთ ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, ტრაგედიას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის. ასეთ დროს უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შემთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.