მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 30 ოჯახს გადასცა

  • დედაქალაქის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 30 ოჯახს გადასცა.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, ამჯერად, 30 ოჯახს დაუკანონდა.

გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, კერძო საკუთრებაში გადავიდა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლაც წარმატებულია. გვინდა, ყველა ის ოჯახი, ადამიანი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. აუცილებლად უნდა მიმათოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ, დაგეხმარებიან და გეტყვიან, თუ რა დოკუმენტებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები 30 ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ვულოცავ მათ. რა თქმა უნდა, პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მსგავსი ოჯახი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2017 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *