მეორე კვარტალში სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშია აღებული

  • სურსათის ეროვნული სააგენტო მეორე კვარტლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის შედეგად, დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ან/და დაევალათ სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზრიდან გამოთხოვა, დასაწყობება და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.

“ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი გამოვლინდა 3 შემთხვევაში; რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა;

ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი ალერგენების შესახებ ეტიკეტზე ინფორმაციის არასრულყოფილად დატანისთვის ალკოჰოლური სასმელების ორი მწარმოებელი დაჯარიმდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა ტყვიაზე, GMO-ზე, ტრანსცხიმებზე, კალციუმის შემცველობაზე, ჰისტამინზე, ლისტერიასა და პესტიციდების ნარჩენებზე სურსათის კვლევისას, აგრეთვე, სახეობრივი კვლევისას არ გამოვლენილა ვირისა და ცხენის ხორცი.

მიმდინარე წელს უკვე აღებულია სურსათისა და სასმელი წყლის 3000 ნიმუში/სინჯი, წლის ბოლომდე 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღებაა დაგეგმილი.

მეორე კვარტლის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *